суббота, 14 февраля 2009 г.

შავი ზღვის კამბალა კალკანის განაცხადი შავი ზღვის აუზის გარემოსდაცვით სამიტზე

”ქალბატონებო და ბატონებო! გამოვდივარ რა შავი ზღვის აუზის ცოცხალი ორგანიზმების სახელით, მოკლედ რაც შემიძლია გითხრათ ესაა, რომ ვადანაშაულებ ადამიანთა მოდგმას და გვესაჭიროება მათგან დაცვა!

შავი ზღვისადმი მტრული დამოკიდებულება შეიძლება უფსკრულის პირას მოსიარულე ბრმას შევადაროთ. დედამიწის უდიდესი ნაწილი წყლით არის დაფარული. და კაცობრიობის უზრუნველყოფა სურსათ-სანოვაგით მომავალში ხმელეთზე უფრო მეტად მასზე იქნება დამოკიდებული. ადამიანებმა კი წაგვართვით არსებობის საშუალება, დაარღვიეთ საუკუნეებით შეკრული ეკოლოგიური თანაფარდობა...

თუკი ჯერ კიდევ არ არის გვიან, თუკი ჯერ კიდევ საღი აზრი შეგრჩენიათ და აცნობიერებთ ადამიანისა და გარემოს ურთიერთობას ისტორიულ ასპექტში, შემოგვეშველეთ!დღეს ჩვენა ვართ, ხოლო ხვალ სხვები ჩადგებიან ჩვენს მდგომარეობაში. აქციეთ ლოკალური პრობლემები გლობალურობამდე! კარს მომდგარი ეკოლოგიური კატასტროფა თან მოიტანს ჩვენს(და არა მარტო ჩვენს) დაღუპვას ან გენოტიპის შეცვლას.

უნდა გაგაფრთხილოთ, ადამიანისა და ბიოსფეროს ბალანსირებული ურთიერთობის დროს ეკოსისტემები საკმაო ელასტიკურობას იჩენენ და თვითაღდგენის  უნარი აქვთ, მაგრამ ეკოსისტემების მდგრადობა უსაზღვრო არ არის. წარბი დატვირთვისას მასში ხდება შეუქცევადი ცვლილებები, რის შედეგადაც ვერც თქვენ და ვერც თქვენი შთამომავლები ვერ შეძლებენ მის აღდგენას. განა დაგავიწყდათ, რომ ”ბუნება მბრძანებელია?”

 მე აქ მოვედი, რათა ჩვენი გასაჭირი მოგახსენოთ. ყური დაუგდეთ შავი ზღვის კვნესას...დაგვიცავით და დაგიცავთ!